მანდატი გაუუქმდათ ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილსა და კიდევ ხუთ დეპუტატს
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაეთანხმა რვა თანაგუნდელის მოთხოვნას, გაუქმებოდათ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სადეპუტატო მანდატები. კენჭისყრა დღეს, 10 დეკემბერს, ჩატარდა.
მანდატების შეწყვეტის დადგენილების მიღების წინააღმდეგი არავინ ყოფილა:
ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი) – 78 მომხრე;
მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი) – 79 მომხრე;
ანრი ოხანაშვილი (იუსტიციის მინისტრი) – 77 მომხრე;
დავით სონღულაშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) – 76 მომხრე;
მარიამ ქვრივიშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) – 81 მომხრე;
ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) – 74 მომხრე;
ირაკლი ღარიბაშვილი („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) – 78 მომხრე;
მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) – 75 მომხრე.
მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესწრება, ოპოზიციაც და პრეზიდენტიც ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პირველი სხდომა პარლამენტში 25 ნოემბერს ჩატარდა, სამ დღეში კი, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მეცამეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ „პოლიტპატიმრებად“ მოიხსენიებენ.

