ახალი ამბები

ევროკავშირი დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

„თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი თავისი დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გამოდის, მაშინ როცა გამოხატვის უფლებით სარგებლობისას პოლიციის მხრიდან სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენების წინაშე დგას. გრძელდება აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების დაკავებები და მედიის წარმომადგენლების სამართალდამცავი უწყებებისა და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების მიერ მიზანში ამოღება ხდება“, – აცხადებს ანიტა ჰიპერი.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 300-ზე მეტი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რომელთაგან ბევრ მათგანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღება დასჭირდა.

„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის საგანგაშო ცნობები სასტიკ და მიზანმიმართულ ძალადობაზე მიუთითებს, რაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ცნობების შესახებ საფუძვლიან შიშებს იწვევს. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არც ერთი პოლიციელის ან არაფორმალური ძალადობრივი დაჯგუფების წევრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა“, – აღნიშნავს პრესსპიკერი.

მისივე თქმით, ევროკავშირის მოწოდება ყველა დაკავებულის გათავისუფლებაა.

„ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. ევროკავშირი მოითხოვს შეწყდეს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა და ცნობების თანახმად, მოქალაქეების წამება და არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს“.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველს, საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების შემთხვევების დოკუმენტირება გააგრძელონ. ძალადობა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ დემონსტრანტების მოთხოვნებზე პასუხს არ წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერება.

„ხანგრძლივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა ბოლოდროინდელმა რეპრესიულმა ზომებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა მოახდინა. ევროკავშირი დამატებით ზომებს 16 დეკემბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე განიხილავს“.