ახალი ამბები

პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების შეუსრულებლობას ჯარიმები მოჰყვება

პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების ამოქმედებას და მის შეუსრულებლობას ადმინისტრაციული ჯარიმები მოჰყვება.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ახალი მუხლები ემატება, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტთან, ექსპორტთან, წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის:

. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ;

. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიოს პირობების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის ნებართვის/ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ჯარიმის გასამმაგებას, ხოლო ჯარიმის გასამმაგების შემდგომ ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას.

. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, ვისაც კანონმდებლობის შესაბამისად არა აქვს მისი ფლობის/გამოყენების უფლება, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

. პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა, ფლობა ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, ვისაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული ქმედების კვლავ ჩადენა კი გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.

გარდა ამისა, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რაც მძიმე შედეგს გამოიწვევს, სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან შინაპატიმრობით დაისჯება, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორი არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები: – რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ნინო წილოსანი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.