ახალი ამბები

რა მოხდა თელავის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამ გამოიწვია ადმინისტრაციასა და ახალგაზრდებს შორის უთანხმოება

რამდენიმე დღის წინ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სტუდენტების თქმით, დაპირისპირება ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან, ახალგაზრდების მიმართ უარყოფითმა კომენტარებმა გამოიწვია. უნივერსიტეტში კი განმარტავენ, რომ დაპირისპირება ახალგაზრდების მხრიდან იყო პროვოცირებული.

მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ სტუდენტები, ლექტორები, მოქალაქეები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ახალგაზრდების თქმით, აქცია თელავის უნივერსიტეტის წინ მიმდინარეობდა და მშვიდობიანი იყო, თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,უნივერსიტეტის წინ ახალგაზრდები ვაპროტესტებდით არსებულ მდგომარეობას და იმასაც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ვერ დავაწერინეთ სამი სიტყვა უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე: “საქართველოს მომავალი ევროპაშია”. იყო მშვიდობიანი პროტესტი, როგორც სხვა დღეებში და ამას დაადასტურებს ყველა ვინც იქ იყო. აქციებზე ხშირად გვიერთდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და არა სტუდენტები. ჩვენ ასევე შემოგვიერთდა, ყოფილი ილიაუნის სტუდენტიც. ახალგაზრდების გამოჩენის შემდეგ, უნივერსიტეტიდან გამოვიდა ადმინისტრაციის უფროსი, იგი გამოირჩეოდა აგრესიით, ის საუბრობდა აგრესიული ჟესტიკულაციით, მიუხედავად იმისა რომ მას გარშემომყოფები ესაუბრებოდნენ მშვიდად. სწორედ იმ ახალგაზრდას, რომელიც აქციას შემოუერთდა, უშლიდნენ ლაივის ჩართვას და ზუსტად აქ დაიძაბა დიალოგი. ამ დაძაბულ სიტუაციაში მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც სიტუაცია გახდა უკონტროლო. მოხდა ურთიერთდაპირისპირება, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას”,- აცხადებენ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურნენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები. მათი თქმით, ძალადობა და აგრესია ნებისმიერი ფორმით არის მიუღებელი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოეტი ნინო გოგიაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ღიად დააფიქსიროს საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკური კურსი და კონსტიტუციის უგულებელყოფა, გაემიჯნონ მათი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას.

,,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის გამო, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რადგან აქტიურად ვარ ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
კიდევ ერთხელ, გარკვევით ვაფიქსირებ, რომ მთელ ამ მძიმე და უკვე უმართავ პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც უღალატა ქართულ კონსტიტუციას, გაემიჯნა მას და ევროპის კავშირებისა და ჩრდილოატლანტიკური სივრცისკენ მიმართული ვექტორი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს, ქვეყნის რუსული მომავლით ჩაანაცვლა. ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი აქციები, მაშ შორის, ჩვენს ქალაქში, მოწმობს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ხელისუფლების მიერ ძალადობრივად თავსმოხვეულ პოლიტიკურ კურსს.
მიუხედავად ჩემი ურყევი პოზიციისა, ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობასა და კანონდარღვევას, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ კონტექსტსა და სივრცეში, და გამოვხატავ აღშფოთებას დღეს თელავის უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის გამო. მივმართავ ყველა იმ დესტრუქციულ ძალასა და ადამიანს, ვისაც მიზნად დაუსახავს ამ მართლაც სახელმწიფოებრივად გულანთებული, სუფთა ახალგაზრდებისა და მოქალაქეების იდეისა და პროტესტის გასვრა და დევალვაცია, პარტიული თუ სხვა, კერძო გამორჩენის გამო, შეეშვან სამარცხვინო ქმედებებს.
აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, ღიად დააფიქსირონ საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკური კურსი და კონსტიტუციის უგულებელყოფა, გაემიჯნონ მათი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას, და ამით დაადასტურონ უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიულ გეგმაში ჩადებული ევროპული მისწრაფება და ინტერნაციონალიზაციის საკითხებისადმი ერთგულება”,-
აცხადებს ნინო გოგიაშვილი (ნუციკო დეკანოზიშვილი).

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს გამოიძიონ მომხდარი ფაქტი.

,,იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დღევანდელი ინციდენტის შესახებ განმარტავს: უნივერსიტეტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციის მოწყობის საბაბით იმყოფებოდა ოთხი ახალგაზრდა, რომელმაც ადმინისტრაციასთან საუბრის სურვილი გამოთქვა. ერთი შეხედვით მშვიდ ვითარებაში უნივერსიტეტის კიბეებთან მიმდინარე საუბრის დროს, ახალგაზრდამ, რომელიც არ გახლავთ უნივერსიტეტის სტუდენტი და წინასწარი ინფორმაციით, წარმოადგენს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სოლომონ რამაზაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველი კადრები დაფიქსირებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სათვალთვალო კამერებზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს სამართალდამცავებს გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხოლო პოლიტიკურ პარტიებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი მოქმედებები”,- აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.