ახალი ამბები

ახალგაზრდებმა შექმნეს პლატფორმა, რომელშიც ჩანს, აქციების პარალელურად, სად დგას პოლიცია

ინტერნეტში გავრცელდა ახალშექმნილი პლატფორმის ბმული, რომელზე გამოსახულ რუკაზეც ჩანს, პარლამენტთან სად დგას პოლიცია. მონაცემები ონლაინ რეჟიმში ახლდება.

პლატფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტებმა შექმნეს.

ამავე ბმულზე ჩანს, რა წერტილებშია შესაძლებელი პირველადი დახმარების მიღება. „უახლოეს მონაცემებში“ კი ჩნდება ცნობები, რომლებითაც აქციის მონაწილეებს აწვდიან მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო – „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.