ახალი ამბები

სოციალური მუშაკები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გმობენ

საქართველოს სოციალური მუშაკები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას ემიჯნებიან.

ისინი საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ამ დროისთვის საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე 163 სოციალური მუშაკი უერთდება. სია განახლებადია.

სოციალური მუშაკების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვგმობთ და ვემიჯნებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც სამუშაო სივრცეში, ასევე მის გარეთ, ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის შესანარჩუნებლად.

ჩვენი პროფესიული საქმიანობის კონტექსტში ეს გულისხმობს პირველ რიგში ბრძოლას საკუთარი შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენი მომსახურების მიმღებ პირებს შევთავაზოთ გამართული, მდგრადი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურება. კერძოდ, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დროულად მივაწოდოთ ფსიქო-სოციალური დახმარება და თავშესაფარი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ რეაბილიტაციის სერვისებზე დროული წვდომა, მიუსაფარ ხანდაზმულებს არ უწევდეთ თავშესაფრის რიგში მოცდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქმედებებს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ღირსეულ, დროულ და მათ საჭიროებაზე მორგებულ მხარდაჭერას.

ჩვენ არ და ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს უწევდათ სოციალური იზოლაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ ძალადობისა და უგულებელყოფის ქვეშ დიდი ზომის ინსტიტუციებში, სადაც ადამიანებს წართმეული ჰქონდათ ფსიქოლოგიური თუ სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ვერ დავბრუნდებით იქ, სადაც არ ცნობდნენ და ვერ ხედავდნენ სოციალური მუშაობის საჭიროებას!ჩვენ, საქართველოს სოციალური მუშაკები, ვბრაზობთ და ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ როგორ მოქმედებს პოლიციური სისტემა და სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს, ლახავს მათ ღირსებას და ჯანმრთელობას, საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულებს და მათ ოჯახებს! მოვითხოვთ სახელმწიფო სისტემების თანამშრომლების მხრიდან ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის მყისიერ შეწყვეტას.

ჩვენ, საჯარო სექტორში და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სოციალური მუშაკები, ერთიანნი ვართ ჩვენი პროფესიის, ბენეფიციარების და საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულებაში! ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებაა, არამედ უკეთესი, თანასწორი და ადამიანზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, რასაც საფრთხე ექმნება მიღებული გადაწყვეტილებით” – წერია განცხადებაში.