ახალი ამბები

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 200-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის 200-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება. საჯარო განცხადება ღიაა და სებ-ის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, შეუერთდეს. განცხადების ხელმომწერებს შორის არის სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჯარო განცხადება:

“საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ქართული საფინანსო სექტორის რეგულირების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მდგრადი და სტაბილურად მზარდი საფინანსო სისტემა.

28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოღების თაობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ქვეყნის ევროინტეგრაციის უწყვეტად და შეუქცევადად განხორციელებას”.

ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროების ასობით თანამშრომელი.