პოლიციამ რუსთაველზე 20-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა – მედიაომბუდსმენი
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, მოქალაქეების საყოველთაო პროტესტის მიუხედავად. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.
29 ნოემბერს, გამტენიისას, საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს, საპოლიციო ძალებმა არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. მათ უმრავლესობას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, ვისაც კამერა ან მიკროფონი ეჭირა, დამიზნებით ასხამდნენ სახეში ქიმიურ გამაღიზიანებლებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„დაზარალებული ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე ამჯერად გამოყენებული ქიმიური გამაღიზიანებლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი იყო. ისინი ვარაუდობენ, რომ წყლის ჭავლში, რომელიც საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად გამოიყენა, გარეული იყო გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევდა კანისა და თვალების წვას, აზიანებდა მხედველობას და აძნელებდა სუნთქვას. დაზარალებულ ჟურნალისტებს უჭირდათ საუბარიც“.
batumelebi-ს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გაშუქებისას პოლიციამ ზიანი მიაყენა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს:
გურამ როგავა, „ტელეკომპანია ფორმულა“ – ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;
ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;
დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” — პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;
მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” — სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრესი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;
ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” — წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;
დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” – გაუსწორდნენ სპეცრაზმელები;
გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” – სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;
ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” — სახეში შეასხეს წიწაკის სპრესი;
ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”— სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე;
გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთი” “ბათუმელები” — პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;
ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” — გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;
გიორგი გოგუა, “პროექტი 64” — პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;
ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი” — სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;
დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი – გავრცლებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიიღო დაზიანება;
დეა მამისეიშვილი, “მთავარი არხი” – დაშავდა აქციის გადაღებისას;
გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას;
იულია კალაბანო – JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, – სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი;
მინდია გაბაძე – ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს;
ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს;
ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” – ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს აქციის დარბევისას საპოლიციო ძალების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიზანმიმართული დევნის, მათთვის მუშაობაში მიზანმიმართული ხელშეშლის, ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანებისა და წართმევის გამო.
მედიაომბუდსმენი კი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა.
ფოტო: რადიო თავისუფლება

