ახალი ამბები

ჰერჩინსკი – EU-ის წევრები 16 დეკემბერს იმსჯელებენ, ყველა ვარიანტი განიხილება, უვიზო რეჟიმის შეჩერების ჩათვლით

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოზე მსჯელობა ბოლო თვეებში არაერთხელ მოხდა და ასევე დაგეგმილია განხილვა 16 დეკემბრის საგარეო საქმეთა საბჭოზეც. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჰერჩინსკის ჰკითხეს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირის შესაძლო რეაგირებაზე, იქნება ეს ვიზალიბერალიზციის შეჩერება თუ პერსონალური სანქციები, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და მათ შორისაა, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობაც.

“ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ საქართველო განხილული იქნება მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 16 დეკემბერს. ვიმედოვნებ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება. ამას ვამბობთ მრავალი თვეა და ეს ვერსიები ასევე მოიცავს შესაძლებლობას, რომ შეჩერდეს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან. თუმცა ეს განხილული და გადაწყვეტილი იქნება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ელჩმა.