შსს-პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული
თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე.
შსს-ს მიერ დღეს, 29 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს პირები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც. 353-ე პრიმა მუხლი ეხება პოლიციელზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილი სხვისი ნივთის განადგურებას, ან დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, არაერთგზის და ჯგუფურად.
შსს-ს ინფორმაციით, „აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შსს-ს 32 თანამშრომელი, რომელთა ნაწილს თავის, თვალის და სხეულის მძიმე დაზიანება აქვს და 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

