რატომ არ უნდა დაწვათ ფოთლები და რა ზიანი ადგება ამით ადამიანის ჯანმრთელობას
,,ხმელი ან ნედლი ფოთლების წვა უფრო მეტად ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, ვიდრე გარემოს”, – ამბობენ გარემოს დაცვის ექსპერტები და მოქალაქეებს მოუწოდებენ ამ მავნე პრაქტიკისგან თავი შეიკავონ.
მოქალაქეების ნაწილი და დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ფოთლების წვის დროს გამოყოფილი ბოლი მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან ის მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით სოფლებში, ამ მავნე პრაქტიკას ბევრი მიმართავს. ისინი ამბობენ, რომ მოქალაქეები უნდა დაჯარიმდნენ და კანონის, რომელიც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მისი აღსრულება უნდა მოხდეს.
,,დაიწყო ფოთოლცვევნა და დაიწყეს მოქალაქეებმა ფოთლების წვა. არავინ დამშლელი არ არის. როგორ შეიძლება ეს? ქუჩაში ვერ გამივლია და სახლში სარეცხი ვერ გამიფენია. ჟანგბადი კი მოწამლულია. ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მიხედავს ამას? ამას ემატება საქონლის ძროხის და კურდღლის ნაკელის დაწვა. რაც საზიზაღ სუნს იწვევს. აუცილებელია ეს მავნე ჩვევა და პრაქტიკა, რასაც ამდენი წელია მოსახლეობა მიმართავს აღმოიფხვრას, დაწესდეს დიდი ჯარიმები”,- წერენ სოციალურ ქსელში კახეთში მცხოვრებლები.
სოფლებში ხშირად შეხვდებით ეზოებში ცეცხლწაკიდებული ფოთლების გროვას. მოსახლეობა კარ-მიდამოს ფოთლებისგან ასე ათავისუფლებს, თუმცა რა ზიანს აყენებენ მოქალაქეები ამით თავის და გარშემომყოფების ჯანმრთელობას, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. ნარჩენების მართვის კოდექსით ფოთლების დაწვა ჯარიმით ისჯება, თუმცა ეს სანქცია, რომელიც არ მუშაობს, პრობლემას ვერ აგვარებს. მოგროვებული ნაგავი მოსახლეობას ძირითად შემთხვევაში, ნაგვის ურნებამდე არ მიაქვს.
,,შემოდგომით იმდენი ფოთლები ჩამოდის ხიდან, ყოველდღე მის გატანას ვერ შევძლებთ. ადვილი გამოსავალია მოგროვება და დაწვა, რასაც ბევრი აკეთებს” – ამბობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მკვიდრი, ნანა ერგემლიძე.
გარემოს დაცვის ექსპერტების თქმით, ფოთლების წვისას გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც მავნეა ორგანიზმისთვის და სხვადასხვა სახის დაავადებების გამოწვევას უწყობს ხელს.
-,,ფოთოლი როცა იწვება, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა.
რაც შეეხება ბუნებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და მატებს ამიაკისა და მეთანის რაოდენობას ჰაერს, რომელსაც ვსუნთქავთ ჩვენ.
მე მიმაჩნია, რომ ჩემი გამოთვლებით სეზონურად ნარჩენების 30%, რომელიც თელავიდან გადის, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, არის ფოთოლი. მე არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს ნარჩენები გადიოდეს ნაგავსაყრელზე,’’ – განუცხადა knews.ge-ს კახა სუხიტაშვილმა.
გარდა ადამიანის ჯანმრთელობისა, მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. სუხიტაშვილის განმარტებით, ეკონომიკური თვალსაზრისით ფოთოლი ბუნების მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც კომპოსტირების ან მისი მინერალიზაციის შემთხვევაში, იქცევა ძალიან კარგ და სასარგებლო სასუქად, რომელიც შემდეგ შეიძლება, ფერმერებმა ან ქალაქის გამწვანებისთვის გამოიყენონ. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ექსპერტი ერთ-ერთ გამოსავლად საკომპოსტე ადგილების მოწყობას მიიჩნევს, რომლის გაკეთებაც ძვირი არ ჯდება.