ახალი ამბები

“სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ დარღვევები” – EU-ის სამიტზე დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ.

სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ესწრებიან და ის 7 ნოემბერს დაიწყო. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.

“საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ და შემდგომ ქმედებებზე იმსჯელებენ.

ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.

2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში გამართულ ევროსაბჭოს სხდომებზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქმედი კურსი, მათ შორის 2024 წლის მაისში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია ღონისძიების ანონსში.