ახალი ამბები

ყვარელში მუზეუმ-სასტუმრო გაიხსნა

ყვარელში მუზეუმი-სასტუმრო კომპლექსი „ანაპეა“ გაიხსნა. ტურისტული ობიექტი, რომელიც მარანს, სასტუმროს და რესტორანს აერთიანებს, აგვისტოდან სტუმრებს სატესტო რეჟიმში იღებს.

როგორც BM.GE-ის სასტუმრო კომპლექსის დირექტორმა, ინგა ბუჩუკურმა განუცხადა, „ანაპეა“ თებერვლიდან სრულფასოვნად ამუშავდება.

“ჩვენი სასტუმრო კომპლექსი მუზეუმის კატეგორიისაა. ყველა ინვენტარი არის ძველი და ანტიკვარული, რითაც მე-18-19 საუკუნის იმიტაციაა შექმნილი, შესაბამისად, ჩვენი სასტუმრო უბრალო სასტუმრო არაა, მუზეუმი-სასტუმროა, რომელიც 33 ნომერს აერთიანებს. გვაქვს ღვინის საწარმო-მარანი, საკუთარი ვენახები, საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯი და აუზიც. თებერვლიდან ვენახებს შორის დიდი სცენის გახსნასაც ვგეგმავთ, სადაც კონცერტები და ღონისძიებები დაიგეგმება. ამასთან, პატარა კინოთეატრის მოწყობაც იგეგმება. სივრცეში ერთდროულად შესაძლებელია გაკეთდეს 3-4 ქორწილი და თან პარალელურად, ჩვენს სასტუმროში სტუმრები ისე განთავსდნენ, რომ ამ ღონისძიებებით დისკომფორტი არ შეექმნათ”, – აღნიშნა ინგა ბუჩუკურმა BM.GE-სთან.

მისივე თქმით, სტუმრებს შორის რესტორნის ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივები არიან, უცხოელები კი მარანსა და სასტუმროს სტუმრობენ.

„ჯერჯერობით მარკეტინგული კამპანია არ დაგვიწყია, მიუხედავად ამისა, სტუმრები უკვე გვყავს. ჯერ მხოლოდ რამდენიმე კორპორაციული ღონისძიება გვქონდა და პარასკევი, შაბათი და კვირა საკმაოდ დატვირთული ვართ უკვე. ამასთან, ჩვენი შიდა პოლიტიკის თანახმად, რუს ვიზიტორებს არ ვიღებთ, თუმცა მათგან ბევრი მოთხოვნა მოგვდის”, – აღნიშნა “ანაპეას” დირექტორმა.