ახალი ამბები

გაძვირდება თუ არა პური

„ჩვენ, მწარმოებლებს, ასეთი დათქმა გვაქვს სამინისტროსთან, რომ თუ 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარს არ გადასცდება, პურის ფასის მომატებაზე საუბარი არ იქნება“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ფქვილი მცირედით გაძვირებულია, თუმცა ქართული ფქვილის ფასი 51 ლარზე ნარჩუნდება. ასევე არის, გარკვეული წინადადებები ყაზახეთიდან ფქვილის იმპორტის შესაძლებლობაზე.

„ფქვილის ფასები ჯერჯერობით იმ ფარგლებშია, რომელიც წლის განმავლობაში იყო. იცით, რომ დიდი რაოდენობით შემოდის რუსეთიდან. ასევე კარგი მოსავალი იყო ყაზახეთში, რომლის მთავრობაც, როგორც ვიცი, მიმართა საქართველოს მთავრობას. ყაზახეთს ფქვილი პაკისტანში გაჰქონდა ხოლმე დიდი რაოდენობით და ახლა პაკისტანში რუსეთმა შეიტანა, წაართვა ბაზარი. ამიტომ არის ჩვენთან შემოტანაზე გარკვეული წინადადებები. თუ გაუკეთებენ გზას, მაშინ ყაზახური ფქვილი შემოვა და სხვათა შორის, მშრალი ხორბალი აქვთ და ცხობისთვის კარგი თვისებები აქვს ფქვილს. ამასთანავე, რუსულ ფქვილს ეტყობა გაძვირება 1-2 ლარით. მაგრამ ეს პურის ფასზე ჯერ არ ასახულა. ჩვენ ასეთი დათქმა გვაქვს სამინისტროსთან, რომ თუ 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარს არ გადასცდება, პურის ფასის მომატებაზე საუბარი არ იქნება. ჯერჯერობით, ქართული ფქვილი 51 ლარი ღირს. რუსული კი ცოტათი გაძვირდა, მაგრამ რუსულს ძირითადად, შერევისთვის ვიყენებთ, რადგან ქართული არ პასუხობს მოთხოვნებს“.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საცხობები უმეტესად ქართულ ფქვილს იყენებენ. რუსული ფქვილის იმპორტი კი როგორც ხარისხობრივად, ისე ფინანსურად, ახლა ქვეყნისთვის ყველაზე მომგებიანია.

„წელს საქართველოში, შედარებით კარგი, რეკორდული მოსავალი იყო, მოვიდა 200 000 ტონა, მაგრამ მთავარი არის ხარისხი. მაგალითად, უკრაინული ხორბალი რუსულ ხორბალს ვერ სჯობია. მნიშვნელოვანია პურის ცხობისთვის საჭირო თვისებები და ამიტომ თუ ვსაუბრობთ პურის ხარისხზე, რომელიც უფრო ხარისხიანია, იმ ფქვილს ვირჩევთ.
ქართული საცხობები 60-80%-ით ქართულ ფქვილზე არიან და რუსული ფქვილი გამოიყენება შესარევად. რაც შეეხება ყაზახურ ფქვილს, მისი ტრანსპორტირება ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე რუსულის“.