რა დარღვევები დააფიქსირეს კახეთში, საარჩევნო უბნებზე „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ქართველი ამომრჩევლების ნებას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ფუნდამენტური ხასიათის დარღვევებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩევლებზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ/დამუშავებამ და ამომრჩევლების მოსყიდვამ, მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა. არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა მძიმე დარღვევები, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და ნების კონტროლის ფაქტები.
„სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობის გათვალისწინებით, შედეგები შესაძლოა არ ასახავდეს ამომრჩევლის ნებას. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებას არ გეგმავს. „სამართლიანი არჩევნები” განაგრძობს საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და ანალიზს.
,,არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნები“ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დააკვირდა. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან შედგებოდა. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებდა მონაცემთა აღრიცხვის/ გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).
მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9%-ზე არ იყო დაცული კენჭისყრის ფარულობა. საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების შემოწმებისა და გაკეთებასთან დაკავშირებული პრობლემები. Ასევე გამოვლინდა დამკვირვებლების უფლებების უკანონო შეზღუდვის, მათი დაშინების, სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევები. რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.
„სამართლიანმა არჩევნების” დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების 31%-ზე გამოავლინა პარტიის კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები უბნის გარე პერიმეტრზე. ორგანიზაციამ დააფიქსირა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბანთა 11%-ზე. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება. საარჩევნო უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი საარჩევნო უბნების 91%-დან მიიღო.
„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნების შიგნით 170-მდე ინციდენტი/დარღვევა დააფიქსირეს, რომელთა შორის აღსანიშნავია:
საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის 2 შემთხვევა, მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა, მარკირების პროცედურის დარღვევის 16 შემთხვევა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა (მათ შორის #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #17, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #15, #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #9, #30, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #15, #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #8, #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #9), დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა, კერძოდ, #16 ყვარლის ოლქის #20, #26 და #72 უბნებში, 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 16 შემთხვევა, კერძოდ, #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #12 უბანში, #17 თელავის საარჩევნო ოლქის #6 უბანში, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა,
ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული პრობლემების 8 შემთხვევა (#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #05 უბანზე), უბნის მოწყობასთან დაკავშირებული 5 შემთხვევა (#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #20 და #26 უბნებში). არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის 4 შემთხვევა.
საჩივრებისა და განცხადებების სტატისტიკა
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ჯამში 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს, აქედან 100-ზე მეტი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 95 – საოლქო საარჩევნო კომისიებში. 70-მდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, ცესკოში წარდგენილ იქნა 1 საჩივარი სალონიკის საარჩევნო უბანთან დაკავშირებით.
საარჩევნო უბნის გარეთ გამოვლენილი ტენდენციები
საარჩევნო უბნის გარეთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა 100-ზე მეტი ინციდენტი. მათ შორის არაუფლებამოსილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზების, სავარაუდო მოსყიდვის, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მათი ნების კონტროლის, აგიტაციის და ამ პროცესში საჯარო მოსამსახურეების ჩართვის შემთხვევები:
პირთა საეჭვო შეკრება კახეთში
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე კოორდინატორი იყო განთავსებული, რომლებსაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიებიც;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას;
#16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბნის გასწვრივ შეინიშნებოდა 3 პირის მობილიზება, რომლებიც შორიდან აკვირდებოდნენ სიტუაციას და ინიშნავდნენ ინფორმაციას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანთან დაფიქსირდა კოორდინატორების მობილიზება. ისინი ამომრჩევლებთან შედიოდნენ აქტიურ კომუნიკაციაში, რის შემდეგაც შედიოდნენ ხმის მისაცემად. დამკვირვებელს ერთ-ერთმა კოორდინატორმა უთხრა, რომ ისიც და მასთან კომუნიკაციაში მყოფი პირებიც „ქართული ოცნებიდან“ იყვნენ;
ამომრჩეველთა აღრიცხვა
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნის სიახლოვეს განთავსებულ მიკროავტობუსში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა მათ კუთვნილ სიებში;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში, დამკვირვებელმა დააფიქსირა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი პირების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვის შემთხვევები;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანის შესასვლელთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა 5 კოორდინატორის მიერ, რომლებსაც ჰქონდათ სიები ფურცლების სახით;
#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა საჯარო მოსამსახურის, ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ჭოლიკიძის, კოორდინირებით. ორგანიზებული ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციას ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების შესახებ და პერიოდულად უკავშირდებოდა სხვა ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების თხოვნით;
#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტი. გარე დამკვირვებლის ინფორმაციით, ავტომანქანაში მყოფი პირი აწარმოებდა ამომრჩეველთა სისტემატურ აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ მათ პირად მონაცემებს ინიშნავდა მოქალაქეების მიერ საარჩევნო უბნის დატოვების შემდგომ.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან 08:30 საათიდან მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზებისას „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის გადაცემის შემთხვევა;
#18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ქვემო ალვანში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრმა, კაჭრეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი რაზმაზიშვილმა, ფული გადასცა. „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებელს, რომელმაც ფაქტი შეამჩნია, რაზმაზიშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა;
17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დაახლოებით 10 ადამიანი იყო შეკრებილი. შიდა დამკვირვებელმა შემთხვევით დააფიქსირა ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის სავარაუდო ფაქტი;
#17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანთან დამკვირვებელმა შემთხვევით დააფიქსირა ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი.
ამომრჩევლის ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან მობილიზებული რამდენიმე პირი ახორცილებდა ავტომობილით ამომრჩეველთა მრავალჯერად ტრანსპორტირებას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან ერთად, ამომრჩევლების მობილიზებაში ჩართული იყო ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტებული დამკვირვებელი.
ასევე დაფიქსირდა სააგიტაციო მასალის განთავსება კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე, ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირება უბანზე და ფიზიკური ძალადობა დამკვირვებელზე.