პლაკატების ომი კახეთში
საპარლამენტო არჩევნებამდე 1 დღე დარჩა, პარტიების წარმომადგენლები კი აგიტაციის დაწყებიდან დღემდე, ერთმანეთს სააგიტაციო მასალების გაკვრაში ეცილებიან.
ისინი ერთმანეთს შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრასა და წინასაარჩევნო მასალების დაზიანებაში ადანაშაულებენ. ბოლო ორ კვირაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეურაცხმყოფელი პლაკატები თელავშიც გამოჩნდა.
რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი – ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ – სენაკის თეატრი, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდის” მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 – „გახარია საქართველოსთვის“.
გარდა ამისა, თელავში ასევე გამოჩნდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების შეურაცხმყოფელი პოსტები. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე წერს, რომ „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი” უნახავს.
“რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ !”
,,აგიტაციის დაწყების დღიდან დაიწყო ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია. მთავრობის მხარდამჭერები ამზადებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელ პლაკატებს და ქვეყნის ტერიტორიაზე აკრავენ, მათ გონიათ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ ან მხარდამჭერებს აზრს შეაცვლევინებენ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი”,– აცხადებენ knews.ge-სთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
მოქალაქეები კი განმარტავენ, რომ პარტიების დაპირისპირების გამო, მათი სახლების მესერები და ღობეები სავსეა სხვადასხვა პარტიის პლაკატებით. მათი თქმით, მსგავსი ფაქტი ყველა არჩევნებზე ხდება და მის შემდეგ პლაკატებისგან გარემოს გასუფთავებას აღარავინ ფიქრობს.
,, ყველა არჩევნებზე ავსებენ მესერებს პლაკატებით, ზოგი მოწინააღმდეგე პარტიის პლაკატს ხევს და თავისას აკრავს, ახეულ პლაკატს კი ადგილზე ყრის. არც არჩევნების შემდგომ ზრუნავს ვინმე დანაგვიანებული ადგილის დასუფთავებაზე”,- აცხადებს ადგილობრივი მიხეილ ხმიადაშვილი.
წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლაზე, სააგიტაციო მასალის დაზიანებასა და ძალადობაზე ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტში. საიას შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში. კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა.
,,საიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა ძალადობის 6 შემთხვევა, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების – 3, პოლიტიკური ნიშნით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავების 1 შემთხვევა. ამჟამად, საია სწავლობს დამატებით 6 შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 23 ოქტომბერს ორგანიზებულ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ერთ შემთხვევას. თითოეული მათგანი ინტენსივობითა და ხასიათით განსხვავებული იყო, თუმცა ისინი ნეგატიურად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. მათ შორის, ეს ინციდენტები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციურ კანდიდატებზე, მმართველი პარტიის წევრის მანქანის დაზიანებას, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, სააგიტაციო მასალების ჩამოხევას/დაზიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების ნაწილზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება ფორმალურად დაიწყეს, მათ სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია. ამგვარი ქმედებები ქმნის არასტაბილურ და დამაშინებელ პოლიტიკურ გარემოს, რაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება იწვევს ამ ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების წახალისებას”,- წერია ანგარიშში.