როგორ დაითვლება ხმები – არჩევნები
თითოეულ საარჩევნო უბანზე იქნება მინიმუმ 2 ხმის მთვლელი აპარატი, კენჭისყრის მიმდინარეობისას თითოეული აპარატი დამოუკიდებლად თვლის მიღებული ბიულეტენების შედეგს.
ხმის მთვლელი აპარატებს შორის საბოლოო ინფორმაციის მიმოცვლა მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი კავშირით, ინტერნეტის გარეშე ხორციელდება.
აპარატი კენჭისყრის დასრულების შემდეგ სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს.
თუმცა, პროცესი აქ არ მთავრდება. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბიულეტენები გადაითვლება ხელით.
აღსანიშნავია, რომ ხმის მთვლელ მოწყობილობას სჭირდება UPS და კვების წყარო, რომელიც ყველა საარჩევნო უბანზეა და უზრუნველყოფს აპარატების შეუფერხებლად მუშაობას. UPS დენის წყაროს გარეშე, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მუშაობს. ამასთანავე, რისკების დაზღვევის მიზნით ცესკოს აქვს კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან („თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“) და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ მობილიზებული ტექნიკური ჯგუფები რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენენ.