როგორია არჩევნებთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დონე
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა მოქალაქეების უმეტესობას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ.
აღნიშნული კუთხით მწვავე პრობლემა კახეთში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებშია. მოქალაქეების ნაწილი ინფორმაციას ენის ბარიერის გამო ვერ იღებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მათ ინფორმაციას არავინ აწვდის. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ იციან არჩევნები რომ ტარდება, თუმცა მათ არ იციან რა დონის არჩევნებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, ვინ არიან კანდიდატები და რომელი პარტიები იყრიან კენჭს.
,,ვიცი რომ არჩევნებია, მივალ საარჩევნო უბანზე და გავაკეთებ ჩემს არჩევანს. რომ მივალ, იქ გადავწყვეტავ ვის მივცემ ხმას. საარჩევნო დაპირებები და პროგრამები არ ვიცი, არც არსად მომისმენია. სოფელში იმართება შეხვედრები წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მოდიან, მაგრამ როცა არჩევნები ჩაივლის, არავის ვახსოვართ”,- აცხადებენ ადგილობრივები.
მსგავსი პრობლემებია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს თემში. სამოქალაქო აქტივისტი თოზუ გულმამედლი რადიო ,,კახეთის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით თემში მცხოვრებ მოსახლეობას მცირე ინფორმაცია აქვს. მისი განმარტებით, ადგილობრივებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.
,,მოქალაქეებმა იციან მხოლოდ ორი პარტია: მმართველი და მთავარი ოპოზიციური, რომელსაც ადრე გავლენები ჰქონდა. სხვა ინფორმაცია არ აქვთ, მაგალითად, რომელი პარტიები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და არც იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ყველა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, კენჭისყრამდე 2 კვირით ადრე, იწყებენ ჩვენთან შეხვედრებს და ესეც ზოგადი ხასიასთის არის.
როცა მოდიან აქ, საუბრობენ იმ საკითხებზე და იმ დაპირებებზე, რომლებიც შესაძლოა არ ეხებოდეს მაგალითად პარლამენტის წევრს, როცა საპარლამენტო არჩევნებია. ზოგადად კონცენტრირებას არ ახდენენ პარტიები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. მხოლოდ საუბარია გზის და წყლის გაკეთებაზე. ამ დაპირებების იქით წლებია ვერ წავედით. თემში პრობლემები ბევრია, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს გზის გაკეთება ხალხის გულის მოსაგებად. არადა, ეს პროექტი წინა წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში იყო ჩასმული. ამ საკითხს კი მმართველი პარტია ბოროტად იყენებს”,- განუცხადა Knews.ge-ს თოზუ გულმამედლიმ.
თოზუ ამბობს, რომ საარჩევნო თემებზე მოქალაქეების ინფორმირება არ ხდება. მისი განმარტებით, ადგილობრივებს არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია რა უფლებები და მოვალეობები აქვთ პარლამენტის წევრებს და რა უნდა მოსთხოვონ მათ.
,,რა არის არჩევნები, რატომ არის საჭირო, რა შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ და რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ, ამ საკითხებზე მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირება არ ხდება. როდისმე ხომ უნდა დაიწყოს მათი ინფორმირება და საიდანღაც ხომ უნდა მიიღონ ეს ინფორმაცია ამომრჩევლებმა. არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ საუბრობს იმაზე, რა ფუნქცია აქვს პარლამენტს, რა შეგვიძლია მოვთხოვოთ. ჯერ ამ კუთხით უნდა დაიწყოს მოქალაქეების ინფორმირება. გარდა ამისა, აღარც მოსმენა უნდათ ხალხის, რომ ესაუბრონ მოსახლეობას, რომ ჩვენზე მორგებული პოლიტიკა და სტრატეგია ჰქონდეთ. არასწორ წარმოდგენებზე აქვთ მორგებული პოლიტიკა”,- აცხადებს თოზუ.
მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ ხდება მოსახლეობის ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებით თუ სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოქალაქეებში უიმედობაა და სწორედ ამიტომ, ისინი არ არიან აქტიური მოქალაქეები.
,,მოქალაქეები უიმედოდ არიან, ფიქრობენ რას შეცვლის ხმაო. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, წინა წლებში, ის გახდა საკრებულოს წევრი და ამიტომ ხალხი ფიქრობს, მისი ხმა არაფერს შეცვლის. გარდა ამისა, ასე არჩეული ადამიანები არაფერს აკეთებენ ჩვენთვის. ძირითადად ორი ძალაა ხოლმე წარმოდგენილი, მმართველი პარტია და მთავარი ოპოზიციური პარტია. საუბარია სულ იმაზეა, რომ ხშირად ხმებს მეტად მათ აძლევენ, მაგრამ ჩვენთან ყოფილა შემთხვევა, რომ არა მათ, არამედ ისეთ პატიას აუღია ხმები, რომელიც ჩვენზე მორგებულ საჭიროებებზე საუბრობდა და ჩვენს სათქმელს ამბობდა”.
თოზუ ამბობს, რომ მოქალაქეების აქტიურობა არჩევნებში მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი აქტიურობით გადაწყდება ქვეყნის ბედი და ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის და ევროკავშირის წევრობის საკითხი.