TI- ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შუალედური ანგარიში გამოქვეყნა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტიურად წაშლილია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის.
,,სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მაგალითებად TI ასახელებს შემდეგს: “რუსული კანონის” მიღება, ცესკოს დაკომპლექტების წესის შეცვლა, გენდერული კვოტის გაუქმება, ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებების გაფართოვება, “დელეგატების” ინსტიტუტის შემოღება, საუბნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების კენჭისყრა, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში მხილებული “ხარებას” ამოქმედება თითქოსდა არჩევნების დღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობა.
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტების (ანტიკორუფციულმა ბიურო და კომუნიკაციების კომისია) უკანონო გადაწყეტილებები, კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიის შევიწროვება, მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჯგუფების ძალადობა ოპოზიციური პარტიების მიმართ, ამომრჩევლის ნებაზე დანაშაულებრივი ზემოქმედება, საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა, აჭარის ათიათასობით მკვიდრის პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა, ცილისმწამებლური კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: მმართველი პარტიის კანდიდატების მონაწილეობა საბიუჯეტო ღონისძიებებში, საჯარო მოხელეების მობილიზება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებში.
ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებისათვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით რეკომენდაციებსაც ავრცელებს. ხელისუფლებამ უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობა და თავი შეიკავოს საარჩევნო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებების შეტანისაგან, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში; ამასთანავე, აუცილებელია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში აისახოს ყველა ის შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელსაც წლიდან წლამდე იმეორებენ თავიანთ დასკვნებში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია;
ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნეს საარჩევნო კანონმდებლობაში, წინ უნდა უძღოდეს ფართო კონსულტაციები პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან და უნდა უფუძნებოდეს ფართო კონსენსუსს; წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები; ხელისუფლებამ გააუქმოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ახლახანს მინიჭებული ანტიკონსტიტუციური უფლებამოსილება, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რაიმე საფუძვლით პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მიმართვის შესახებ;
ცესკომ არ დაუშვას ისეთი ადმინისტრაციული აქტების მიღება, და გააუქმოს უკვე მიღებული ისეთი აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკანონმდებლო აქტებს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ხელისუფლების სხვა ორგანოებმა არ დაუშვან არჩევნების პროცესში საქართველოს დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული პირების, მათ შორის, ზვიად ხარაზიშვილის ჩართულობა; სასამართლოებმა განახორციელონ რეალური სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე; ანტიკორუფციულმა ბიურომ თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის “განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე” სუბიექტის სტატუსის უსაფუძვლოდ, კანონის თვითნებურად განმარტების გზით, მინიჭებისაგან;
კომუნიკაციების კომისიამ თავი შეიკავოს, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული გადაწყვეტილებებით, კრიტიკული მედიის შევიწროვებისაგან და რეალური კონტროლი განახორციელოს პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი საარჩევნო რგოლების გავრცელებაზე;
შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად გამოიძიონ ამომრჩევლის მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, ამომრჩევლების ნებაზე სხვა მხრივ ზეგავლენის განხორციელების, არჩევნების პროცესში პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის, განსაკუთრებით მათ წარმომადგენლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, სხვა ძალადობრივი ქმედებები, და ნებისმიერი სხვა სამართალდარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე და არჩევნების შედეგებზე;
ხელისუფლების ორგანოებმა და უწყებებმა თავი შეიკავონ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებებზე საჯარო მოსამსახურეებისა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა მათი ნების გარეშე მობილიზებისაგან, მათი იძულებისგან, დაესწრონ ასეთ შეკრებებს; ხელისუფლებამ თავი შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას”,- წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.