ევროკავშირი – იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ
ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე თქმით, [ევროკავშირის] კარი ღიაა და ღია დარჩება.
„ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ – ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“- ნათქვამია განცხადებაში.