ხელისუფლება პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება
ხელისუფლება პრეზიდენტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება. სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაიბარეს.
საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.
“ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ხდება შენობის, ლოგისტიკური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს, აღნიშნოს თავისი ფლანგის გამარჯვება, როგორც მას ესახება”- თქვა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
რატი ბრეგაძის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ყველა უწყების წარმომადგენელი, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ცესკოს წევრები, თუმცა სალომე ზურაბიშვილი სხდომაზე არ მისულა. როგორც ხდომის დასრულების შემდეგ, რატი ბრეგაძემ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ გაუგზავნიან წერილს, მოითხოვენ სხდომაზე მისვლას და განმარტებებს.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა.