პლატფორმა 26 – ახალი გაერთიანება ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობაში დასახმარებლად
პლატფორმა 26 – ასე ქვია ემიგრანტებისთვის შექმნილ ახალ პლატფორმას, რომელიც რამდენიმე საზოგადოებრივმა მოძრაობამ დააფუძნა და რომლის მიზანია, დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობაში.
მათ შორის, ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაში, რომ ამომრჩეველი მივიდეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ უბანთან და ხმა მისცეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
“საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ადამიანების უპრეცედენტო რაოდენობა არის დარეგისტრირებულები, რამაც ჩვენ დაგვაყენა ახალი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ადამიანები მივიყვანოთ საარჩევნო უბნებამდე, რადგან ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები არის ჩვენი ემიგრანტებისთვის უცხოეთში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, აქ მდგომმა ადამიანებმა, საზოგადოების წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა “პლატფორმა 26”, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, პლატფორმა “გამიყოლე არჩევნებზე”, პლატფორმა “წინაპრები”, პლატფორმა “მედგიდი”, პლატფორმა “ერთი მოქალაქე, ერთი არჩევანი”. ყველა ჩვენ ერთი მიზნის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. ეს ერთი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბნებამდე”, – აღნიშნა “ემგიდის” წარმომადგენელმა, ბაჩანა შენგელიამ.
მისივე თქმით, ახალი პლატფორმა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ფინანსური რესურსის მობილიზაციას შეეცდება, რათა ემიგრანტების ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადაადგილება და საარჩევნო უბნებზე მისვლა უზრუნველყონ. თანხის გადარიცხვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება და ამასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ხელისუფლებამ უარი თქვა უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე, რამაც ემიგრანტების უდიდეს ნაწილს ლოჯისტიკური პრობლემები შეუქმნა.