“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კარდენახში თავს დაესხნენ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ – ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ცნობით, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მაქვს ტვინის შერყევა, ასევე სერიოზული ჰემატომა სახის არეში, რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას, ველოდები პასუხს, რის შემდეგაც გადაწყდება, დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ. მე ექიმი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, სახეზე მატყობთ მარჯვენა მხარეს ასიმეტრიას, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს, რის მიხედვითაც გადაწყდება დამტოვებენ საავადმყოფოში თუ გამიშვებენ სახლში სამკურნალოდ”, – განაცხადა მეტრეველმა.