ახალი ამბები

კომპანია ,,ასკანელმა” ყვარელში ახალი ინოვაციური მარანი ააშენა

კომპანია ,,ასკანელმა” ყვარელში ახალი ინოვაციური საქვევრე მარანი ააშენა და ქვევრის ღვინოების ახალ ხაზს გამოუშვებს.

კომპანიის მფლობელი გოჩა ჩხაიძე აცხადებს, რომ ახალ მარანში 87 ქვევრია და მთლიანობაში საშუალოდ 120 ტონა ღვინის დატევა შეუძლია.

,,ქვევრების გარშემო მიწაში ჩამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგია, რაც მიწისქვეშა ტემპერატურის სრულ კონტროლს გულისხმობს ინდივიდუალურად თითოეული ქვევრისთვის. ამგვარი მექანიზმი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი რისკი. გათბობა-გაგრილების მექანიზმით შესაძლებელი ხდება ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც საბოლოოდ უფრო მდიდარ არომატულ და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიან უმაღლესი ხარისხის ღვინოებს გვპირდება, ისე, რომ ხელი არ შევუშალოთ ქვევრში ღვინის დაყენების ბუნებრიობას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გოჩა ჩხაიძემ.
კომპანია „ასკანელი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. კომპანიაში მუდმივ თანამშრომლად დასაქმებულია საშუალოდ 400 ადამიანი, ხოლო სეზონურ სამუშაოებზე დღეში საშუალოდ 200 ადამიანი.