40 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა, განახევრდეს – გაერო
საქართველოს მოსახლეობა 2 ოქტომბრის მდგომარეობით 3,807.583 ადამიანს შეადგენს, ხოლო ზრდის ტემპი შარშანდელზე 0.06%-ით მეტია – მონაცემებს world population review მოსახლეობის შეფასებებისა და პროგნოზების შესახებ გაეროს 2024 წლის რევიზიის, World Population Prospects-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსახლეობის ზრდის 0.06%-იანი ტემპით საქართველო მსოფლიოში 179-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, ქვეყნის მოსახლეობა მიმდინარე წლის მსოფლიო მოსახლეობის, ანუ 8 005 176 000 ადამიანის 0.05%-ს შეადგენს.
საათობრივი მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 12,2 წუთში ერთი ადამიანი იბადება, ხოლო ყოველ 11,7 წუთში კვდება. ყოველ 288 წუთში ერთი ემიგრანტი ფიქსირდება, ხოლო სუფთა დანაკარგის მხრივ ყოველ 1,440 წუთში მოსახლეობა ერთი ადამიანით მცირდება.
დღეების მიხედვით, დღეში 118 ადამიანი იბადება, 123 კი კვდება. მიგრაცია დღეში 5 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობაში სუფთა ცვლილება დღეში მინუს ერთი ადამიანია. მთლიანობაში, 1 იანვრიდან მოსახლეობის სუფთა ცვლილება მინუს 276 ადამიანს შეადგენს.
ბოლოს საქართველოს მოსახლეობა წლიდან წლამდე 2020 წელს შემცირდა, როცა, 2019 წელთან შედარებით, მინუს 0,3%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. კერძოდ, 2020 წელს ქვეყნის მოსახლეობა 3,795,680-ს, ხოლო 2019 წელს 3,796,720 ადამიანს შეადგენდა. 2023 წლიდან ზრდის ტემპი ფიქსირდება და მოსახლეობამ, 2022 წელთან შედარებით, 0,7-ით მეტი 3,807.490 ადამიანი შეადგინა.
თუმცა გაერო წერს, რომ თუ ზრდის ტემპი არ შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელი რაოდენობა სულ რაღაც 40 წელიწადში შესაძლოა, განახევრდეს. კერძოდ, არსებული პროგნოზით, შობადობის კლება მზარდ ემიგრაციასთან ერთად უახლოეს მომავალში გაგრძელდება, რაც მოსახლეობის მუდმივ შემცირებას გამოიწვევს. 2050 წლისთვის წლიური ზრდის ტემპი მინუს 0,55%-მდე დაიკლებს. თუ ეს პროგნოზი დადასტურდა, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობა, დაახლოებით, 3,806.670-ს, 2030 წელს 3,748.350-ს, 2040 წელს 3,576.930-ს, ხოლო 2050 წელს 3,393.665-ს შეადგენს.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა საქართველოს 1,5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. რუსეთში, სავარაუდოდ, 1 მილიონი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს,” – წერს world population review.
პორტალის შეფასებით, რომელიც გაეროს ანალიზს ეყრდნობა, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა უცვლელია. მათ შორის არის ბიჭის ყოლის უპირატესობა, რამაც ქალებში მეტი აბორტი და ნაკლები პოტენციური დედების არსებობა გამოიწვია. ასევე, ფინანსური გაჭირვების გამო ოჯახი ერთზე მეტი ბავშვის გაჩენაზე უარს ამბობს. მოსახლეობის ზრდის დაბალ ტემპზე, ასევე, მიუთითებს შობადობის დაბალი მაჩვენებელი, რაც დედაზე 2 ბავშვზე ნაკლებია.
“მოსახლეობის ამ საერთო სტაგნაციის გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლო გზა მრავალშვილიანი ოჯახებისა და ორსული ქალებისთვის სოციალური შეღავათები და დახმარებაა,” – წერს world population review.