დღეს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნება
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზა დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გზის მშენებლობა 3 მონაკვეთად იყო დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდა. გზის პირველი მონაკვეთი, 4 კმ-იანი ვაზიანის შემოვლითი გზა, გასულ წელს გაიხსნა.
ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 527 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნულ გზაზე, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დადგენილი იქნება მოძრაობის სიჩქარე 110 კმ საათში, თუმცა, მნიშვნელოვანია რომ მაგისტრალზე, პირველად დაწესდება მინიმალური სიჩქარეც 60 კმ/სთ, ეს კი ნიშნავს, რომ ამაზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა კახეთის ჩქაროსნულ გზაზე შეიზღუდება.
ცნობისთვის, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთთან და აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.