გადაკეტილი ქუჩები და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები- თელავში ,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართება
გადაკეტილი და პარალიზებული ქუჩები, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები და რეგიონის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საჯარო მოხელეების მობილიზება- ივანიშვილი, დღეს თელავში მოსახლეობას შეხვდება.
მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ივანიშვილის უსაფრთხოებისთვის უკვე მესამე დღეა მუშაობს, მესამე დღეა პარალიზებულია ასევე თელავის ქუჩები.
დღეს დილიდან ასევე გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები, გზებზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებს, ადგილზე მუშაობენ კინოლოგები, თელავის ცენტრში კი უკვე მოწყობილია სცენა და მიტანილია საგანგებოდ ივანიშვილისთვის დამზადებული ტყვიაგაუმტარი მინის ტრიბუნა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცნობით, შეხვედრაზე მმართველი პარტიის ლიდერები სიტყვით გამოვლენ. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.
ივანიშვილის დასახვედრად მერიის სამსახურების მუშაობა არის თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და რას ფიქრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამ საკითხზე knews.ge ვრცელ ინფორმაციას და კომენტარებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.