გურჯაანიდან იტალიაში- 13 წლის გიგი ფიროშვილი ქალაქ როზეტოში, საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხა
პირველი გურჯაანელი ახალგაზრდა კალათბურთელი ევრო ასპარეზზე – 13 წლის გიგი ფიროშვილი, იტალიის ქალაქ როზეტოში Rosetto Degli Abruzi-ის საკალათბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. ინფორმაციას საკალათბურთო კლუბის “დელტა გურჯაანი” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გიგი ფიროშვილმა მიიღო 6-წლიანი სრული დაფინანსება, რომელიც უნიკალურია. აღსანიშნავია, რომ კლუბის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი მოთამაშეა.
,,ვულოცავ გურჯაანელებს და ჩვენს ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას. ჩვენი – გურჯაანის დელტას აკადემიის, რომელიც არის სრულიად უფასო გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის, მიზანი არის, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა აღმოვაჩინოთ და მივცეთ მათ შანსი გახდნენ არა მარტო პროფესიონალი კალათბურთელები, არამედ მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სააგენტო GBM-ის გაწეული უდიდესი შრომისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ სააგენტო აკვირდება ჩვენს პერსპექტიულ მოთამაშეებს, რათა მიეცეთ მათ შემდგომი განვითარების საშუალება. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, ვისთან ერთადაც 2023 წელს ჩამოყალიბდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში კალათბურთის განვითარების გეგმა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილიც არის ბავშვთა უფასო აკადემია. ჩვენი მთავარი მიზანია პერსპექტიული ბავშვების აღმოჩენა და მათი განვითარება. და ბოლოს, მინდა აღვნიშნო რომ, 2024-25 წლის საკალათბურთო სეზონი ბევრი სიახლეებით იქნება სავსე”,- განაცხადა გურჯაანის დელტას პრეზიდენტმა ზვიად ანთაძემ.