ნინო დოლიძე – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში
ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია და მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი გამოწვევა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაა.
„საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, რა ეტაპზეა დემოკრატია ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია, მათ შორის, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმი, როგორ წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. წინასაარჩევნო პერიოდია უკვე, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ანგარიში გამოვაქვეყნეთ. მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ის რიტორიკაა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების გაუქმება ან ანტიდასავლური რიტორიკა; თუმცა კამპანია [წინასაარჩევნო] ამ ეტაპზე შედის აქტიურ ფაზაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.
ამასთან, დოლიძის თქმით, ქვეყნისთვის „ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“.
„არაერთი საერთაშორისო პარტნიორისგან მოგვისმენია, რომ საქართველო არის გზაგასაყარზე. ნამდვილად, ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“, რომელიც მიიღეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობის მოუხედავად. გვახსოვს აპრილის და მაისის თვეების განმავლობაში რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ვიცოდით ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა და მათ შორის, ჩვენი ევროპული მომავლის საფრთხე“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.