176 ათასამდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 175 774 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა.
„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ცვლად, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 175 774 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 175 774 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (95%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.6 მლრდ. ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.9 მლრდ. ლარის (45%).
„დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 4 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.4 მლრდ. ლარს შეადგენს. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 226 805, იპოთეკურის 57 108 და სამომხმარებლო სესხის კი 32 049 ლარია.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. წინასაარჩევნო პერიოდში ისედაც გაზრდილია რისკები და გაურკვევლობა. შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა გაცვლით კურსზე და ინფლაციაზე. სამწუხაროდ, ისევ გაურკვეველი რჩება ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.