ახალი ამბები

საქართველოსა და სენტ-კრისტოფერისა და ნევისის ფედერაციას შორის უვიზო რეჟიმი წესდება

საქართველოსა და სენტ-კრისტოფერისა და ნევისის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი წესდება. ამის შესახებ შეთანხმებას საქართველოს და სენტ-კრისტოფერისა და ნევისის ფედერაციის მთავრობებს შორის უკვე მოეწერა ხელი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „ხელშემკვრელი მხარეები მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა“.

ამასთან, ქვეყნები შეთანხმდნენ შემდეგზე: ორივე მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს 90 დღისა, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

აღსანიშნავია, რომ უვიზო მიმოსვლა შეეხება დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური ვიზიტით მყოფ პირებსაც. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.