სუბსიდირების პროგრამა პრობლემებს იწვევს – ფერმერთა ასოციაცია
სუბსიდირების პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიც არის დაბალი ხარისხის ღვინის ექსპორტი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა.
საქმიანი დილის ეთერში საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამის დამსახურების ფერმერების დიდი ნაწილი ყურძნის რაოდენობის ზრდაზეა ორიენტირებული და არა – ხარისხზე.
„თუ ვისაუბრებთ ყურძნის სუბსიდირებაზე, ეს ერთი მხრივ გარკვეულწილად ეხმარება ფერმერებს, თუმცა უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ ხარისხს არ ექცევა ყურადღება და რაოდენობაზეა უკვე გადასული მთელი ყურადღება. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს პრობლემებს, გამოწვევებს და ვხედავთ, რომ შედარებით დაბალი ხარისხის ღვინო გადის ამ ქვეყნიდან, რაც გარკვეულწილად არის ამის შედეგი. ათეულობით წელია ამას ვაკეთებთ, გამოსვლის გზებიც არ ჩანს, მაშინ, როცა შეიძლება ამაზე ფიქრი. მაგალითად მევენახეების ცალკეულ ფერმერებად ჩამოყალიბება. რთულია, მაგრამ კოოპერაციაც არის გამოსავალი და ა.შ. ღვინის სექტორი საკმაოდ მზარდია და კომპანიებს უკვე შეუძლიათ გადაიხადონ შედარებით მაღალი ფასი ყურძენში. თუმცა გვაქვს ეს პრაქტიკა რაც გვაქვს’, – თქვა კოჭლამაზიშვილმა.
რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ერთი ხელის მოსმით სუბსიდირებიდან გამოსვლა რთული იქნება. კოჭლამაზიშვილი ფიქრობს, რომ მომავალი წლიდან სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივი გამოსვლა უნდა დაიწყოს.
„ფერმერების ნაწილი ორ ნაწილად არის გაყოფილი – არის ნაწილი, რომელიც ამას მიიჩნევს ცუდად, ეს არის განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც ამ სქემებში არ მონაწილეობს არასოდეს და ბევრად მეტს იხდიან რქაწითელში, ვიდრე ეს არის 1 ლარი. რადგან ისინი ხარისხზე ზრუნავენ და ხვდებიან, რომ დაბალი ხარისხის ღვინო, რაც ქვეყნიდან გადის, ღვინის და ქვეყნის იმიჯზე არც ისე კარგად მოქმედებს. მეორე ნაწილი, რომელიც ძირითადად მეღვინეობით არის დაკავებული, ღვინოს გადამუშავებას ნაკლებად ახდენენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო არის ყურძნის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი. ისინი რაოდენობაზე ზრუნავენ“, – განაცხადა მან.