კახეთში წარმოებული ღვინო „ჟუჟუნა“, გერმანიის ბაზარზე გაიყიდება
პირველი ქართული ნახევრად ცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა“ პოლონეთის შემდეგ გერმანიის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.
„ჟუჟუნას“ დირექტორი მათე აბესაძე აცხადებს, რომ
„2024 წელს ძირითადი ყურადღება დავუთმეთ სადისტრიბუციო არხებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. პოლონეთის ბაზარზე შევედით, სადაც დაახლოებით „ჟუჟუნას“ 18 ათასი ბოთლი გადავტვირთეთ. ვემზადებით ექსპორტისთვის გერმანიაში, სადაც ჩვენი პროდუქცია დაახლოებით ერთ თვეში, ბერლინში „8 000 მოსავლის“ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი“, – განუცხადა Business Insider Georgia-ს მათე აბესაძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის „ჟუჟუნას“ ღვინოები წარმოდგენილია პოლონეთში, ვარშავასა და კრაკოვში, ასევე ლიეტუვასა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება სიახლეებს, კომპანია გეგმავს ახალი ალკოჰოლური ხაზის დამატებას, რომელიც სავარაუდოდ 2025 წელს ჩაეშვება.
კომპანია ამ დროისთვის 3 სახეობის ღვინოს აწარმოებს: მწვანე, ვარდისფერი და ქარვისფერი „ჟუჟუნა“. ,,ჟუჟუნა“ პირველი ქართული ნახევრად-ცქრიალა ღვინოა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანია საწარმოს ფლობს კახეთში, ყურძენს პარტნიორი ფერმერებისგან ყიდულობს.