ყვარელში ეთნო ბუტიკური სასტუმრო “სამზეო” იხსნება
ყვარელში, ლაშა პაპაშვილის უძრავი ქონებისა და საინვესტიციო მენეჯმენტკომპანია „რედიქსი“ ეთნო ბუტიკურ სასტუმრო „სამზეოს“ ხსნის. ამ ბრენდის სასტუმროს კომპანია თუშეთში რამდენიმე წელია მართავს და ეს რიგით მეორე სასტუმრო იქნება.
როგორც BM.GE-ის „რედიქსის“ ჰორეკა დირექტორმა ნანო ურუშაძემ განუცხადა, სასტუმროს ოფიციალური გახსნა ნოემბრისთვის იგეგმება და ინვესტიცია 40 მლნ ლარია.
„სასტუმრო „სამზეო თუშეთი“ მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა, წელს კი „სამზეო“ უკვე ყვარელში გიმასპინძლებთ. 54 000 მ²-ზე გაშლილი ტყით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე, სამზეო ყვარელი აერთიანებს რამდენიმე შენობას, მათ შორის 3 შენობაში გადანაწილებულია 67 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი, ცალკე მდგომი რესტორანი, რომლის კარიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის და გაგიმასპინძლდებათ ნამდვილი კახური ტრადიციული უგემრიელესი კერძებით. ტერიტორიაზე შეძლებთ ისარგებლოთ ღია აუზით, ბარით და ორთქლის საუნით. საკონფერენციო დარბაზების მომსახურებასთან ერთად, სამზეო ყვარელი ნებისმიერი სახის ღონისძიებას უმასპინძლებს“, – ამბობს კომპანიის ჰორეკა დირექტორი.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. კომპანიაში ჯერ ვერ აზუსტებენ როგორი იქნება სასტუმროში განთავსების ღირებულება.