ახალი ამბები

ოპოზიციურმა გაერთიანებამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „ძლიერი საქართველო” საარჩევნო პროგრამა, „ილიას გზა” წარადგინა.

გეგმის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა, სადაც პროგრამის ძირითადი ხედვები ლიდერებმა გააჟღერეს.

„დიახ, სწორედ ილიას გზის გაგრძელებისთვის ვართ შეკრებილები, სწორედ ამ იდეის გასაგრძელებლად ვართ შეკრებილები, ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, რომ მივიღოთ ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ დაასახელა გეგმის რამდენიმე პუნქტი:

„რუსული ოკუპაციისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა: ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, ცხრა რეფორმა, როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად ევროკავშირში და ცხრა ნაბიჯი როგორ შევამციროთ საქართველოში რუსული გავლენა. ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, ჩვენი მიწების რუსებზე გაყიდვის აკრძალვას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, გაერთიანებას აქვს კონკრეტული გეგმა, შექმნას ქვეყანაში 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ქვეყანას „ჰაერივით სჭირდება“. ასევე, მისი თქმით, გაწერილია გეგმა, როგორ „ავაყვავებთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლია”. ხაზარაძის განცხადებით, „ ამ პროექტს დავძრავთ და ავაშენებთ”.

ამასთან, ხაზარაძემ ისაუბრა სოციალურ პროგრამაზეც და განაცხადა, რომ 1000 ლარიანი პენსია არ არის წინასაარჩევნო დაპირება, არამედ ესაა დეტალური გეგმა, რომ პენსიონერებს, “ბებიებს და ბაბუებს, დედებს და მამებს მივცეთ ელემენტარული საშუალება სიბერე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი”.