„2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა“ – დავით დევიძე
„ორშაბათი, 2 სექტემბერი არის ბოლო სამუშაო დღე, როდესაც ნებაყოფლობით შეიძლება წარმოადგინონ განცხადებები ორგანიზაციებმა. საჯარო რეესტრი არ არის მოწოდებული ვინმე დააჯარიმოს. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ეს პროცედურა და დავეხმაროთ ყველა ორგანიზაციას, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს“– ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ისაუბრა.
დავით დევიძის განმარტებით, საჯარო რეესტრი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც რეგისტრაციის პროცესში კითხვები გაუჩნდება.
,,ვეწევით საინფორმაციო კამპანიას. ყველა წერილს და კითხვას, რაც შემოდის, ვპასუხობთ სრულყოფილი განმარტებით. ჩვენი მიზანია, ხარვეზების დადგენის შემთხვევაში ვეთანამშრომლოთ, ვესაუბროთ ორგანიზაციებს. ვუხსნით, კონკრეტულ ველში რა ჩაიწეროს – ამაზე სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდება საათობით.
120 იუსტიციის სახლია საქართველოში. ყველა თანამშრომელი დატრეინინგებულია და გადამზადებულია. ყველგან შეიძლება ამ განცხადების ჩაბარება. ძალიან გთხოვთ, რომ არავის დასჭირდეს ისეთი პროცედურა, როგორიც არის ჯარიმები. საჯარო რეესტრი ყველანაირად მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს მათ“.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს