ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა
ცოლისა და 2 მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თელავს რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო და სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც შეეხება დაცვის მხარეს – ადვოკატი არ დაეთანხმა ბრალდების არგუმენტებს, რომ არსებობდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, თუმცა მას არანაირი შუამდგომლობა არ დაუყენებია.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული ზურაბ ზურაბაშვილიც,რომელმაც დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ახლაც “იგივეს გააკეთებდა”.
წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, 28 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. ზურაბაშვილს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.