ახალი ამბები

მინისტრი – წელს მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, წელს, კახეთში რეკორდულ, 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.

მისივე გაცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რთვლის პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და თითიეული კილოგრამი ყურძენი დაბინავდეს.

,,წლევანდელი ყურძნის ხარისხი გაცილებით უკეთესია ვიდრე გასულ წელს. მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი”.

ოთარ შამუგიას თქმითვე, მნიშვნელოვანია, ქარხნებმა კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარონ. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.

„რთველის სუბსიდირება 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს”.