ახალი ამბები

წელს კახეთში ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, წელს, კახეთის რეგიონში რეკორდული მოსავალი იქნება.

,,წელს, ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ათას ტონა ყურძენს. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს და თითიეული კილოგრამი ყურძენი დაბინავდეს. უკვე ჩანს, რომ წლევანდელი ყურძნის ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე გასულ წელს. თქვენ იცით, რომ წლებია რაც მეღვინეობა-მევენახეობის დარგი გამოცხადებულია პრიორიტეტად და მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც ჩავდეთ მისი განვითარებისთვის. კონკრეტული შედეგები გვაქვს სახეზე და ეს არის გამოხატული როგორც ვენახების ფართობების, ასევე ღვინის ექსპორტის ყოველწლიურ ზრდაში. შემოსავლის კუთხით წელს ველოდებით, რომ მევენახეების შემოსავალი იქნება რეკორდული, დაახლოებით 350 მილიონი”.

ოთარ შამუგიამ ქართული ღვინის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება. მნიშვნელოვანია, ქარხნებმა კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარონ. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება.

„მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს”.

მისივე განცხადებით, თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იფუნქციონირებს.