მოსახლეობა გურჯაანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს – ფოტოები
მოსახლეობა გურჯაანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე თვეა, გურჯაანის ბაზრის თავში, ცენტრალური გზა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი გადათხრილია და მოსახლეობისთვის იქ გავლა არ არის უსაფრთხო. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილზე ასევე მოწყობილია გაჩერება ავტობუსისთვის, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. ისინი სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვენ.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ ადგილას მიმდინარეობს ახალი კოლექტორის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც გზის მოწესრიგებაც მოხდება.
,,აღნიშნულ ადგილას მიმდინარეობს ახალი კოლექტორის მშენებლობა. თვენახევარია რაც დასრულდა ტენდერი და მაშინ გაიჭრა გზა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაახლოებით მილიონი ლარი იხარჯება და სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს. გზა გაჭრილია იმიტომ, რომ იქ გაკეთდეს ახალი კოლექტორი, რომელიც ,,ნავთისხევიდან” გამომავალი წყლის მასას დააკავშირებს ახტალის ხევთან. ამით ვახდენთ განმეორებითი და მოსალოდნელი სტიქიების პრევენციას. რომ დასრულდება სამუშაოები, გზაც მოწესრიგდება. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია წლის ბოლომდე. ეს პროექტი მთავრობის დაფინანსებით კეთდება და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რომ არ გაკეთდეს, პატარა სტიქიაზეც კი, იგივე საშიშროება აქვს ქალაქს, რომ ,,ნავთისხევი” კალაპოტიდან გადმოვიდეს”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიაში.
შეგახსენებთ, 2023 წლის 15 ივნისს ძლიერი წვიმის გამო, ღვარცოფული ხასიათის ხევმა ,,ნავთისხევი“, წყალი ვეღარ გაატარა და გზაზე გადმოვიდა. მოვარდნილმა წყალმა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო გარემოვაჭრეთა დახლები და პროდუქტი. წყალმა წაიღო ავტომანქანები, რომელთა ნაწილი გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში გამორიყა და გაიტაცა ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივებმა გადაარჩინეს. ასევე წყალმა დააზიანა არსებული ინფრასტრუქტურა, გზა და ცენტრალური გზის ის ნაწილი, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან.
ნახეთ ფოტოები, რა მდგომარეობაშია აღნიშნული გზა: