გიორგი ანწუხელიძე- აგვისტოს ომის გმირი ახმეტიდან
საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე, რომელიც თუშეთის სოფ. ვერხოვანიდან იყო, 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.
1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო.
2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.
„ვიდეოში ჩანს, რომ ისინი რიგრიგობით ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს. აგინებენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებიან. სისხლი მოსდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ. როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, ძირითადად ოსი და ასევე რუსი სამხედროები არიან. ადამიანი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს გიორგი ანწუხელიძის დაკითხვას, ოსური აქცენტით ქართულ ენაზე ლაპარაკობს, პერიოდულად ისმის მისი ოსურად ლაპარაკიც. იქვე არიან სხვა სამხედროფორმიანი პირებიც, სავარაუდოდ, მათ შორის, არიან ოსი არაოფიციალური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებიც. სამხედროფორმიანი პირების სახეები არ ჩანს. მხოლოდ ერთი ადამიანის სახე ჩანს, და ის მეორე ვიდეოშიც არის. ერთ-ერთ მომენტში ისმის რუსი სამხედროს სიტყვები, სუფთა რუსულით საუბრობს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ეროვნებით რუსია. ასევე, მეორე ვიდეოშიც ჩანს, რომ მას სასტიკად სცემენ. გიორგის გარს ბევრი ხალხი ახვევია, ისინი მხოლოდ ოსურად ლაპარაკობენ, გიორგი მიმწყვდეული ჰყავთ ღობესთან და ფეხებით ძლიერად ურტყამენ“,- განაცხადა მაშინ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.
ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა.
სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.
გასულ წელს, საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. ბიუსტის შესაქმნელად საჭირო თანხა მოსახლეობამ თავად შეაგროვა.
ბიუსტის გახსნას დაესწრო მოსახლეობა, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ბიუსტზე იმუშავა თუშმა მოქანდაკემ ბადრი თავბერიძემ.
ორგანიზატორი და ბიუსტის გახსნის ინიციატორი თუშეთის განვითარების ფონდია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ბიუსტისთვის თანხის შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. 2010 წლიდან ყოველი წლის ოქტომბრის მიწურულს ალვანში ანწუხელიძის სახელობის კვირეული იმართება, რომელიც მოიცავს დალაობას (ცხენზე ამხედრებული კაცების დატირება) სპორტულ ღონისძიებებს, დოღს და გამოფენა-გაყიდვას.
ნახეთ ვრცლად:
ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, მოსახლეობამ მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგა- ფოტოები