ახალი ამბები

ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, მოსახლეობამ მშობლიურ სოფელში ბიუსტი დაუდგა- ფოტოები

დღეს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის დღეა. დღის განმავლობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის კულტურის სახლის ეზოში, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ გმირს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში წამებით მოკლულ გიორგი ანწუხელიძეს, მშობლიურ სოფელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს.

ბიუსტის შესაქმნელად საჭირო თანხა მოსახლეობამ თავად შეაგროვა.

ბიუსტის გახსნას დაესწრო მოსახლეობა, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ბიუსტზე იმუშავა თუშმა მოქანდაკემ ბადრი თავბერიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორი და ბიუსტის გახსნის ინიციატორი თუშეთის განვითარების ფონდია. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ბიუსტისთვის თანხის შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

2010 წლიდან ყოველი წლის ოქტომბრის მიწურულს ალვანში ანწუხელიძის სახელობის კვირეული იმართება, რომელიც მოიცავს დალაობას (ცხენზე ამხედრებული კაცების დატირება) სპორტულ ღონისძიებებს, დოღს და გამოფენა-გაყიდვას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.