ახალი ამბები

2008 წლის აგვისტოს ომის გმირები კახეთიდან

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

აგვისტოს ომში დაიღუპნენ კახეთიდან ახალგაზრდები, რომელთა სახელებსაც საზოგადოება არ ივიწყებს:

სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი და კაპრალი შმაგი ნოზაძე: ზურა ტურაშვილი 1983 წელს დაიბადა ყვარლის რაიონში, სოფელ ალმატში. შმაგი ნოზაძე კი 1984 წელს, სოფელ ნინიგორში.

აგვისტოს ომის გმირი გიორგი ანწუხელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რუსეთ- საქართველოს ომში, 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა. ოკუპანტებმა ის, წამებით მოკლეს.

2008 წლის ნოემბრამდე, ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი გიორგი ანწუხელიძე იყო. გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 15 აპრილს, 24 წლის სერჟანტს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

სიკვდილის შემდეგ ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით. თუშეთის სადროშომ დაღუპულ სამხედროს ” თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემიაც.

2008 წლის ომში გმირულად დაიღუპა 37 წლის პოლკოვნიკი დავით ელიზბარაშვილი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდიდან იყო. მეოთხე ბრიგადის პოლკოვნიკი 11 აგვისტოს, ბრძოლის ველის განაღმვის დროს დაიღუპა.

აგვისტოს ომში დაიღუპა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრები ზურაბ ბალაშვილი. აგვისტოს ომში კახეთიდან 14 ჯარისკაცი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, რუსეთ- საქართველოს 12 წლიანი დავა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა. სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა და ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული რამდენიმე უფლების შელახვაში, რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა