ევროინტეგრაცია, გენდერული კვოტირება, რუსული კანონი, არჩევნები- რა საკითხებზე ისაუბრა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა. ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
ევროინტეგრაცია, გენდერული კვოტირება, რუსული კანონი, მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები- ამ და სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება სალომე ზურაბიშვილმა საუბრისას. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებას სხვადასხვა მნიშჭვნელოვან საკითხებზე.
პირველი რითაც სალომე ზურაბიშვილმა საუბარი დაიწყო, იყო მედია, მისი მუშაობა და არსებული სიტუაცია. პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში.
„სანამ დავიწყებდეთ, მინდა ერთი რამ აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. ორი არხი აქ არ ესწრება, ეს მათი გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში, ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა თუ არ იქნებოდა ეს ყველასთვის ღია ფორმატი, მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუ და მესამეჯერ, დღეს, რომელიც ნამდვილად საყოველთაო ფორმატია. სამივეჯერ უარი მივიღეთ. მე მგონი, ეს არის მათი ქარტიის დარღვევა. პირველ რიგში მინდოდა ეს აღმენიშნა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის და უფლებების დაცვისთვის ის, თუ რა ხდება მედიასივრცეში. მადლობა ყველას, რომ ესწრებით დღევანდელ პრესკონფერენციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყებისას.
მან სხვადასხვა ადგილობრივი და ცენტრალური მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვის პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე განაცხადა, რომ ყველაფერი არის შეჩერებული არჩევნებამდე.
„ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი საზოგადოების ამოცანა. ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე. ყველა გველოდება. ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, არ არის სამუდამოდ გაყინული ან გადახედილი. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ, ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა იმ ძალით, რომ შეასრულონ ქარტია, მიიღონ ეს კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, სიმბოლურად, ყველაზე მნიშვნელოვანი „რუსული კანონი“. ამით დაუდასტურონ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპის გზას.
მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე, როგორც კი დაიწყება ამ ქარტიის შესრულება, ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში, რასაც მიკრძალავდნენ. ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმას, რომ საქართველოს პოზიციები დავიცვა.
ჩვენ ვართ ღირსი, აღგვიდგინონ ყველა პირობა, რაც აქამდე არსებობდა და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყოთ ჩამორჩენილი არც ჩვენი უკრაინელი, მოლდოველი პარტნიორების და არც სხვების მიმართ. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი გზა გვაქვს გავლილი მანამდე, რომელიც გვაძლევს იმის უფლებას, რომ გვქონდეს პრეტენზია, დავუბრუნდეთ აჩქარებული ტემპით იმ გზას, რომელიც ჩვენი არის. ეს ჩვენს ამომრჩეველზე არის დამოკიდებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი საუბრისას ასევე საქართველოს ელჩებს შეეხო და აღნიშნა, რომ როცა ისინი არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან.
,,ისინი არიან სახელმწიფოს და პირველ რიგში, სახელმწიფოს მეთაურის წარმომადგენლები. როცა ისინი არ ცნობენ სახელმწიფოს მეთაურს და იქცევიან, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ არიან სწორი თავიანთ სინდისთან. არავითარი საბოტაჟი არ არის საჭირო, საჭიროა სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. მე 30 წლიანი „სტაჟი“ მაქვს გავლილი დიპლომატიაში, ასე, რომ…“.-განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, თუკი, არჩევნებს ხელისუფლების ცვლილება არ მოჰყვა, რამდენად იქნება დასავლეთის მხარდაჭერის იმედი და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ არჩევნებს დამოუკიდებლები დამკვირვებლები არ ჰყავდეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მმართველ პარტიაში საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე.
„დამოუკიდებელი დამკვირვებლები იქნებიან. იქნებიან, როგორც შიდა, ისე გარე დამკვირვებლები. „თუ“ არ არსებობს, რადგან ამით არ იგებ არასდროს, ფეხბურთში იქნება, თუ სხვა სპორტში, შემართებით უნდა იყო და უნდა იცოდე, საითკენ მიდიხარ. თუ იცი საითკენ მიდიხარ, ვუყუროთ ამათ სახეებს, მე მგონი, საკმაოდ შეშინებული არიან, მთავარიდან დაბალ რგოლებამდე. ასე რომ, არ მგონია, ესენი იყვნენ იმ შემართებით, რომელსაც მოაქვს გამარჯვება. სწორი გზა საქართველოსთვის და მისი ინტერესებისთვის, ერთადერთი სწორი გზა არის ევროპული გზა, არის მისი დამოუკიდებლობის და არა მისი იზოლაციის გზა რუსეთის წინაშე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საუბრისას ასევე ყურადღება არჩევნებზეც გაამახვილა. მისი თქმით, ვისაც გონია, რომ ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის. მისივე თქმით, ახალგაზრდები უნდა მივიდნენ არჩევნებზე, რადგან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი.
“როგორც ყოველთვის, არჩევნების დაკვირვება ბოლო პერიოდში რაც დრო გადის უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტურია. რეალურად, გაყალბებების მცდელობები მანამდე ხდება, არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან ხდება. დაიხვეწა გაყალბების ფორმები, მოსყიდვას აქვს უფრო საქმე. ჩვენ ვიცით არაერთი პროგრამა, რომელიც ახლა გამოცხადდა, ასევე რამდენიმე თვის წინ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნუ დავიჯერებთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ყოვლად შემძლეობას, რომ აი გააყალბებენ და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. არაფერსაც არ გააყალბებენ თუ იქნება საზოგადოების სრული მობილიზება. როდესაც საზოგადოებას ვამბობ, ეს ნიშნავს, რომ რომც არ მოგწონდეს დიდად არცერთი პარტია, იცოდეთ რომ ერთი წლით არიან და მაინც მიეცით ხმა. ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ და გამოვლენ ამ არჩევნებზე. ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ეს არის ბოლო შანსი. ბევრისგან მომისმენია, ამბობენ, თუ არა ახლა, მაშინ მივდივარ ქვეყნიდან. მათთვის მართლა ღიაა მსოფლიო და პერსპექტივები ყველგან არის, გარდა ამ ქვეყანაში მათთვის დღეს. გასაგებია, არ მივესალმები ამას და ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობაა. შეიძლება ესეც ხელისუფლების გათვლაა. ვისაც გონია, რომ ეს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დამცველია რაღაც ურა პატრიოტიზმის გამო, იმას დაუკვირდნენ რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნიდან არამხოლოდ ახალგაზრდების გასვლას, არამედ აქტიური მოსახლეობის, რომელიც გაედინება” , – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტმა განმარტა, რომ “ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი არა ომსა და მშვიდობას შორის, არამედ რეფერენდუმი ევროპასა თუ რაღაც ბნელი წარსულის, რუსეთის, არა ნათელი მომავლის შორის”.
მან საუბრისას ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველო- ჩინეთის ურთიერთობებზე და განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
,,ჩვენ უნდა გვქონდეს და გვაქვს ურთიერთობები ჩინეთთან, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჩინეთს არ აქვს ოკუპირებული არცერთი ჩვენი ტერიტორია, ჩინეთი არ არის მტერი, მაგრამ ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელთანაც საჭიროა სიფრთხილე ეკონომიკურ ურთიერთობებში, – განაცადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ჩინური კონტრაქტები არის ყველაზე გაუმჭვირვალე კონტრაქტები იმიტომ, რომ მასში იდება მუხლები, რომელიც უკრძალავს მთავრობას რომ გააცნონ საზოგადოებას ამ კონტრაქტის სრული ტექსტი.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ,,ქართულ ქარტიაზე’ მის ხელმომწერებსა და ტექნიკური მთავრობის შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტექნიკური მთავრობა საიდუმლო არ უნდა იყოს.
“ჩემი გაგებით, ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული. ეს არ არის საიდუმლო, დამალული რაღაც, რომელსაც გამოვიტან არჩევნების შემდეგ. თუ საუბარია, რომ საზოგადოებაში ნდობა უნდა აიწიოს, სწორედ საუბარია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა, რომელი პარტიები იქნებიან პარლამენტში ერთი წლით”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ფაქტია, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება.
“ოქტომბერში რაც იქნება კომისიის დასკვნები, დღევანდელ სიტუაციაზე იქნება. უკვე იწერება დასკვნები – ორი აზრი არ არის, რომ აქ არ იქნება რეკომენდაციები, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან. ფაქტია, რომ ამ პირობებში მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება. თუ არჩევნები ჩატარდა ისე, რომ მათთვის პოზიტიური მაჩვენებელი იქნება, რომ მივდივართ ევროპული გზის დაბრუნებისთვის და მოქმედებები დავიწყეთ ამ მიმართულებით, ჩვენი შანსი არსებობს მომავალ გაზაფხულზე. ეს ის ფანჯარაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე და ქვეყნის მომავალზე.
“კიდევ ერთხელ, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ყველაზე კარგად ესმის ჩვენს ახალგაზრდობას, მათ მოვუსმინოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.