ახალი ამბები

წელს, კილოგრამი რქაწითელის ფასი ერთი ლარი იქნება

პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 1 კგ. რქაწითლის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ ღვინის კომპანიებზე გაცემული სუბსიდია 20 თეთრის ფარგლებში იქნება. სუბსიდირებით კი ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც კახეთში არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ჩაიბარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მევენახეობის ზონებში არსებულმა მუნიციპალიტეტებმა ყურძნის ჩამბარებლებზე პროდუქციის წარმოშობის შესახებ ცნობა უნდა გასცენ. ყურძნის ჩაბარება, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ცნობის შესაბამისად განხორციელდება.

განკარგულების თანახმად, კომპანიებისთვის სუბსიდია სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 დღის ვადაში გაიცემა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ღვინის კომპანიების მიერ ყველა კატეგორიის ღვინის წარმოება დასაშვებია მხოლოდ რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ აღრიცხული ყურძნისგან.

განისაზღვრა კრიტერიუმები, რა შემთხვევაშიც ღვინის ჩამბარებელი კომპანიები სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ:

ყურძნის მიღება-გადამუშავებამდე სააგენტოსთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება;
შეისყიდის კახეთში მიღებულ არანაკლებ ას ტონა რქაწითელს;
შესყიდული 1 კგ. რქაწითელის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს;
2024 წლის პირველ დეკემბრამდე სააგენტოს წარუდგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიის შესაბამისი პირის მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტს; ასევე ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ არანაკლებ 1 ლარის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.