საქართველოში 1.8%-იანი ინფლაცია იყო – ივლისის მონაცემები
საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა არა სურსათის, არამედ ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ იქონია. კერძოდ, კი ტრანსპორტის ჯგუფში საწვავის 30%-იანი გაძვირების გამო, ფასები საშუალოდ 9.4%-ით არის გაზრდილი. სურსათის ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასები 1.4%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.5 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი).