გამოკითხულთა 34% სასამართლოს არ ენდობა – CRRC
„კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 34% სასამართლო სისტემას არ ენდობა.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, 18% საერთოდ არ ენდობა, ხოლო 16% უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა. მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით მცირედით შემცირებულია, რადგან წინა კვლევაში ჯამში 36% არ ენდობოდა.
2024 წლის კვლევით, სასამართლო სისტემას სრულად გამოკითხულთა მხოლოდ 7% ენდობა, რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია 2021 წლის შედეგზე. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა (61%) ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა. მსგავსი შეფასების მქონე გამოკითხულთა წილი 2021 წელთან (57%) შედარებით გაზრდილია. უცვლელია მათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ სასამართლო ყველას ერთნაირად ეპყრობა და 18%-ს შეადგენს.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.