სპეციალისტებმა ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის დათვალიერება შეძლეს
ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში, ამიტომ ტაძრის გუმბათის ყელზე ხარაჩოს მოწყობას რამდენიმე დღე დასჭირდა.
6 ივლისს დაწყებული პროცესი 15 ივლისს, დასრულდა, რის შემდეგ არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს საშუალება მიეცა, დაეწყო გუმბათის ლავგარდნის, ლორფინებისა და გუმბათის სახურავის მდგომარეობის შეფასება.
,,პირველადი დათვალიერებით, სრულად გამოჩნდა ძველი აგურის გადახურვა, აგურისავე ლილვებით და დამამთავრებელი ლორფინებით, რომელთა ნაწილი დაზიანებული და მორყეულია, ამიტომ საჭიროებს გადაწყობას, ზოგიერთი მათგანი კი შესაცვლელია ახლით. გუშინვე დაიწყო კვლევით-საფიქსაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მისცემს სპეციალისტებს, შეიმუშაონ რესტავრაციისთვის საჭირო მეთოდოლოგია” – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.