ახალი ამბები

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ძალაშია – კანონს ხელი შალვა პაპუაშვილმა მოაწერა

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელსაც პრეზიდენტმა “არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო”, ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. შედეგად, კანონი უკვე ძალაშია.

ცვლილებები მომავალი წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. მათ შორის, ცვლილება შეეხო ეროვნული ბანკის მიერ საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შერჩევისა და წარდგენის ვადებს, რომელმაც ასევე 4 თვით გადაიწია. მიზეზი, სავარაუდოდ არჩევნები და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესია, რომლის პარალელურადაც მმართველი საბჭოს პროფესიონალი წევრის (ახალი რედაქციით, ასე იწოდება ბორდის ყველა წევრი) შერჩევის პროცესი უნდა განხორციელებულიყო.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე წლის მაისში დაინიიცირდა. მისი ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. 27 ივლისს პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. მას მხარი საპარლამენტო უმრავლესობის 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების მიხედვით, იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა. კონკრეტულად, საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – “მმართველობითი საბჭო”, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს სპეციალური კომისია და დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. მთავრობის მეთაურის მიერ დანიშნული წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლითაა განსაზღვრული.