ახალი ამბები

,,მუხტე”- გურჯაანელი ახალგაზრდის გამოგონება მცენარის მავნე მწერებისგან დასაცავად

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მცხოვრებმა საბა მანიჟაშვილმა, მცენარის მავნე მწერებისგან დამცავი მოწყობილობა ,,Mukhte – მუხტე” შექმნა. იდეა და სტარტაპი “STARTUP GURJAANI 2024” პროექტის გამარჯვებული და 3 000 ლარი პრიზის მფლობელი გახდა.

იდეის ავტორი, საბა მანიჟაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით 30 ერთეული მოწყობილობის შექმნას გეგმავს, რომელიც მცენარეთა მფლობელებს გამოსაცდელად გადაეცემათ. მიღებული შედეგით კი ახალგაზრდა იდეის და მოწყობილობის მეტად დახვეწას შეძლებს. მისი თქმით, გარდა ამისა, ის სამომავლოდ სოფლის მეურნეობის სააგენტოსთან თანამშრომლობას გეგმავს.

,,ეს იყო მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებული პროექტი, გავხდი გამარჯვებული და მოვიპოვე პრიზი 3 000 ლარის ოდენობით. თანხა არის მიზნობრივი და ჩვენი მიზანი ,,მუხტეს” გაუმჯობესებული მოწყობილობის შექმნაა. ასევე შესაძლებელი იქნება 30 ერთეულის შექმნა, რომელსაც მცენარეთა მფლობელებს გადავცემთ ტესტირებისთვის. გვყავს 50-მდე მოხალისე და მათგან მიღებული უკუკავშირით, ჩვენ შევძლებთ მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნას. ამის შემდეგ კი შეგვეძლება სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში მონაწილეობით დამატებითი ინვესტიციების მოძიება. დამატებითი სიახლეა ის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ვაპირებთ თანამშროლობას. ,,კახეთის ხმის” მიერ ჩემზე მომზადებული მასალიდან გაიგეს ჩვენს შესახებ და შევთანხმდით, რომ სამომავლოდ მათთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა”,- განუცხადა knews.ge-ს საბა მანიჟაშვილმა.

,,მუხტე” არის მოწყობილობა, რომელიც ელექტრული მუხტით მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ამავდროულად აჯანსაღებს მას. საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა შიდა ინტერიერის მცენარის მფლობელს, საშუალებას მისცემს მცენარის მოსავლელად შხამქიმიკატების ნაცვლად, ,,მუხტეს” მოწყობილობა გამოიყენოს.

,,მონაწილეობა მივიღე Hardware Startup ინკუბატორის პროექტში, რომელიც მოიცავდა ხუთთვიან ტრენინგ კურსს. შემდეგ იყო ნახევარფინალები და ფინალში გადასულ გუნდებს, საშუალება გვქონდა გვებრძოლა დაფინანსებისთვის. სხვადახვა რაოდენობის გრანტის მოპოვების საშუალება გვქონდა. მე ამ შემთხვევაში გავედი მესამე ადგილზე და მივიღე 5 000 ლარიანი დაფინანსება.

ჩემს იდეას ქვია ,,მუხტე”. ეს არის ელექტროსტატიკური მოწყობილობა, რომელიც მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან. ბევრი მწერია, რომელიც აზიანებს მცენარეს და ადამიანებს კი უწევთ მის წინააღმდეგ ბრძოლა აგროქიმიკატებით. ეს პროცესი აზიანებს მცენარეს და ადამიანზეც უარყოფითად მოქმედებს.

მოგებული თანხით ჩვენ შევძლებთ, პროტოტიპის გაუმჯობესებას და დახვეწას. ასევე შევძლებთ შევქმნათ რამდენიმე ათეული პროდუქტი, რომელიც დაიტესტება და იქნება მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ მისი წარმოება და რეალიზაცია”,- ამბობს საბა knews.ge-სთან საუბრისას.

საბას თქმით, აღნიშნული მოწყობილობა მარტივად მუშაობს და მისი გამოყენება მცენარის მოყვარულებს არ გაუჭირდებათ.

,,მუხტეს მოწყობილობა შედგება ორი კომპონენტისგან: ერთია დენის წყაროში შესაერთებელი და მეორე მუხტის გადამცემი ჩხირი, რომელიც მცენარის ახლოს უნდა იყოს ნიადაგში მოთავსებული. მოწყობილობა მუხტავს მცენარეს და როცა მწერი უახლოვდება, დენს ურტყავს. ამით იცავს თავს მწერებისგან. ის არის ძალიან მარტივი გამოსაყენებელი და ძირითადად გამოდგება შიდა ინტერიერის მცენარის დასაცავად”,- აცხადებს საბა.

საბამ ასევე გასულ წელს, პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსი შექმნა. ახალგაზდა ამბობს, რომ იდეა გულისხმობს გამოუყენებელი პლასტმასის გადამუშავებას, რომლისგანაც შემდეგ შესაძლებელია სხვა ნივთების დამზადება.

,,პლასტმასის გადამამუშავებელი სათამაშო ქარხნის ბოქსის იდეა- გულისხმობს მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი აპარატის წარმოებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მსურველს შესაძლებლობა ექნება, გადაამუშავოს, ჩამოასხას და დაამზადოს ნებისმიერი დიზაინის თუ ფორმის პლასტმასის ნივთები”,– აცხადებს საბა.

ახალგაზრდამ ასევე მეორადი პლასტმასიგან საკუთარი ხელით შექმნა პირველი ქართული ეკო მეგობრული დინამიკი “ჩასძახე”.